აღმაშენებლის გამზირზე მოხვედრისას უსათუოდ მიხვდებით, თუ რატომ უხდება ეს სამეზობლო „სიტუაციონისტის“ სახელოსნოს. თბილისის ამ ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ უბანში სახლი დაიდო სხვადასხვა ისტორიულმა, კულტურულმა თუ შემოქმედებითმა დაწესებულებამ. ქართული მოდის ახალგაზრდა ბრენდის შთაგონების წყაროც ქვეყნის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, ავანგარდული ხელოვნება და ახალი ტალღის ქართველ შემოქმედებთან კოლაბორაციაა. „სიტუაციონისტის“ შემოდგომა/ზამთრის 2021-22 წლის კოლექციის შეფასების შესაძლებლობა მოდის საერთაშორისო მიმდევრებს 2 მარტს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მიეცათ.
„სიტუაციონისტი“ ახლად დაფუძნებული ქართული მოდისა და ტანსაცმლის ასოციაციის (Georgian Fashion and Apparel Association – GAFA) წევრია. ეს ბიზნეს კლასტერი GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროექტის – „კლასტერები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის (EU4Business ინიციატივის ქვეშ) და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტი გასული წლიდან ხელს უწყობს Situationist-ის მონაწილეობას პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ ნაწილში და ბრენდს ონლაინ პლატფორმაზე პრეზენტაციისთვის საჭირო ვიზუალური მასალის მომზადებაში ეხმარება.
სამოსი, რომელიც ხასიათისთვის იქმნება
„სიტუაციონისტი“ 2015 წელს, ირაკლი რუსაძისა და დავით გიორგაძის კოლაბორაციით დაიწყო. ირაკლი, თვითნასწავლი დიზაინერი და ბრენდის კრეატიული დირექტორია. დავითი კი, როგორც მხატვარი და მოდის ფოტოგრაფი, ბრენდის ვიზუალურ მხარეზე ზრუნავს. ბრენდის კონცეფცია ხასითზე მორგებული სამოსის შექმნას ეფუძნება. ეს სამოსი ყველასთვის არის და ის ყველგან შეიძლება ჩაიცვა. „სიტუაციონისტისთვის“ იყო ტრენდული არ არის საკმარისი, სამოსი გარკვეული იდეის მატარებელიც უნდა იყოს.
„სიტუაციონისტის“ სამოსის განსაკუთრებულობა თავად მისი შექმნის პროცესშია – თითოეული მოდელი იჭრება და იკერება ერთი მკერავის მიერ. ამ ფორმით ირაკლი თავისი გუნდის წევრების პროფესიულ წახალისებას უზრუნველყოფს.
„ერთი კონკრეტული სახელი და გვარი ვერ განსაზღვრავს მთელი ბრენდის მუშაობის პროცესს. ჩვენი პროდუქცია გუნდური მუშაობის შედეგია. დიზაინერს არაფრის გაკეთება შეუძლია გამოცდილი გუნდის გარეშე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ტანსაცმლის თითოეული მოდელი შეიკეროს ერთი და იმავე ადამიანის მიერ. ეს საშუალებას აძლევს ჩვენი გუნდის წევრებს განავითარონ მრავალი უნარი და მთლიანად შექმნან სამოსი – თავად გამოჭრან და შეკერონ.” – აღნიშნავს ირაკლი.
თითოეული მკერავის შრომის აღიარების ნიშნად, მათი სახელი შემდგომ მათ მიერ შეკერილი სამოსის სპეციალურ იარლიყზე დაიტანება.
2016 წელს თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულში მონაწილეობამ „სიტუაციონისტი“ საერთაშორისო მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში მოაქცია. ის პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც მილანის Camera Moda–სა და პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ ნაწილში მიიღო მონაწილეობა. პარიზში კი, წელს უკვე მესამედ, წარსდგა თავისი კოლექციით, რომელსაც მოდის წამყვან საერთაშორისო მედია გამოცემებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა და მას მოწინავე ახალ ქართულ ბრენდადაც მოიხსენიებენ. ბრენდის კოლექციებს მოდის საერთაშორისო მიმომხილველები აფასებენ, როგორც მინიმალისტურს, დახვეწილსა და ავანგარდულს.