საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციამ და ქართული სამშენებლო მასალების კლასტერმა 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა.
გამომსვლელებმა ისაუბრეს კლასტერთა გაძლიერების მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე და კონკრეტულ მხარდაჭერაზე, რომელიც წევრმა კომპანიებმა მიიღეს.
შეხვედრის პირველი ნაწილი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელმა დომინიკ პაპენჰაიმმა, გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და პრესის განყოფილების პირველმა მდივანმა სარა ცილონკამ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მამუკელაშვილმა და პროექტის ხელმძღვანელმა კრისტიან კაუფჰოლდმა.
ღონისძიების მეორე ნაწილი სამუშაო შეხვედრას დაეთმო, სადაც კლასტერის წევრმა კომპანიებმა, კლასტერის მენეჯერებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მომავალი წლის სამოქმედო გეგმები დასახეს.
კლასტერები ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის Clusters4Development-ის მიერ არის ინიცირებული და მას ახორციელებს GIZ.