ზამთრის ერთ მოღრუბლულ დღეს, საქართველოს ერთ-ერთ შორეულ სოფელში, სადაც ხის მიტოვებული სახლები თეთრი თოვლითაა დაფარული, ფერად სამოსში ჩაცმული მოდელები ერთმანეთს ცვლიან. ეს სცენა „სიტუაციონისტის“ ვიდეოს ნაწილია, რომლითაც ბრენდმა 2021-2022 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულის ციფრულ პლატფორმაზე წარადგინა და თავის სამოსთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს რეგიონებიც გააცნო.

საქართველოში ეკონომიკური განვითარებისთვის ევროკავშირი მხარს უჭერს ბიზნეს კლასტერების შექმნას. ეს საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ იგივე ინდუსტრიის წარმომადგენელ სხვა ბიზნესებთან პარტნიორობით უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ. საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია (GAFA) შეიქმნა GIZ-ის „კლასტერები განვითარებისთვის“ (Clusters4Development) პროექტის მხარდაჭერით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. როდესაც მსოფლიოში პანდემია დაიწყო, EU4Business და GIZ „სიტუაციონისტს“, როგორც GAFA-ს წევრს, ციფრული ტრანსფორმაციის საშუალებით ახალ რეალობასთან ადაპტაციაში დაეხმარნენ. შედეგად კი ბრენდმა არა მარტო გადარჩენა შეძლო, არამედ გამოწვევები შთაგონებად აქცია და ნამუშევრების წარდგენისთვის ახალი გზებიც აღმოაჩინა.

იყიდება მსოფლიოში, „დაარსებულია საქართველოში“

2016 წელს თვითნასწავლმა დიზაინერმა, ირაკლი რუსაძემ „სიტუაციონისტი“ შექმნა.  ბრენდის დებიუტი 2018 წლის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე შედგა, რის შემდეგაც მან მოდის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. შემდეგ იყო მილანის, ლონდონისა და პარიზის მოდის კვირეულები.

კრეატიულ დირექტორს, ირაკლი რუსაძეს ხელოვნება ადრეული ასაკიდან იტაცებდა. უფრო მოგვიანებით, 12-13 წლის ასაკში კი მოდით დაინტერესდა. ნაბიჯ-ნაბიჯ შეაგროვა რესურსები და შექმნა „სიტუაციონისტი“- პირველი ქართული ბრენდი, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ ნაწილში იყო წარმოდგენილი.

„სიტუაციონისტი“ ერთიანობის იდეას გამოხატავს. ირაკლი რუსაძე აფასებს ყველა იმ ადამიანის შრომას, რომელიც სამოსის შექმნის პროცესშია ჩართული. ამიტომ მას უნდოდა შეექმნა ბრენდი, რომელსაც არ ექნებოდა ერთი პიროვნების სახელი, არამედ გამოხატავდა იმ იდეას, რომ „სირუაციონისტის“ წარმატების უკან დგას უამრავი ადამიანის თავდაუზოგავი შრომა. მადლიერების ნიშნად, თითოეული ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებულია იმ მკერავის სახელი, რომელიც მასზე მუშაობდა.

„სიტუაციონისტის“ ნამუშევრებში ქართული მემკვიდრეობა  დახვეწილ და მკაცრ ავანგარდულ სტილს ჰარმონიულად ერწყმის, შედეგად კი იქმნება მდგრადი, მაღალხარისხიანი სამოსი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ბრენდის ტანსაცმელი საქართველოში არ იყიდება, მის საიტზე იპოვით წარწერას – “დაარსებულია საქართველოში”.

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.