გიფიქრიათ, რამდენად ემოციური დატვირთვა აქვს ფერსა და მის გრადაციებს ადამიანისთვის? სინამდვილეში, კონკრეტული ფერების კოქტეილებს გარკვეული გავლენა ნამდვილად აქვთ ჩვენს განწყობაზე, რაც, ხშირად, ჯანმრთელობისა თუ ემოციურ პრობლემებთან უკეთ გამკლავებაში გვეხმარება. „კომბინიზონა“ თერაპიული დატვირთვის ტანსაცმელს სწორედ ფერების აღქმაზე დაყრდნობით, ქალების,  ბავშვების, ახალგაზრდებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის  აწარმოებს.

როდესაც პანდემიამ სამკერვალო ინდუსტრია შეაფერხა, EU4Business და GIZ „კომბინიზონას“ ახალ რეალობაზე გადაწყობაში დაეხმარნენ. პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ ფარგლებში, კომპანიამ შესაძლებლობების განვითარება და დასაქმების ზრდა მოახერხა. ამასთან, „კომბინიზონამ“ ტანსაცმლის წარმოება  სახის ანტიბაქტერიული ნიღბებისა და დამცავი საშუალებების დამზადებით ჩაანაცვლა – პირველადი კრიზისის დროს, ეს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ხომ დეფიციტში იყო.

თანასწორობის, ინკლუზიურობისა და ბედნიერების ლობისტი

„კომბინიზონას“ ისტორია 10-წლიანი სამოქმედო გეგმით, ნასესხები ერთი საკერავი მანქანითა და გამართული მარკეტინგული კონცეფციის მქონე პატარა შოურუმით 2017 წელს დაიწყო. საერთაშორისო წარმატების პოტენციალის მქონე, სოციალურად აქტიური, ფუნქციურად განსხვავებული და უნიკალური ტანსაცმლის ბრენდის პირველივე კოლექცია ფერების მიმღებლობის კვლევას ეფუძნებოდა. 

თანასწორობის, ინკლუზიურობისა და ბედნიერების ლობისტი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით – აი, როგორ ვხედავდით ჩვენს ბრენდს და ჩემი ბავშვობის დროინდელ უცნაურ ესკიზებს.“ – ამბობს „კომბინიზონას“ დამფუძნებელი, განო მელითაური.

„კომბინიზონას“ პირველი დიზაინერული კოლექცია მოულოდნელი წარმატებით, სულ რაღაც ორ კვირაში გაიყიდა. მას შემდეგ, კომპანია თავისი მისიის ერთგულად რჩება – დანერგოს ინკლუზია მოდის ინდუსტრიაში და აამაღლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, ორსულებისა და მოზარდების ცნობიერება ფუნქციურად სწორად ჩაცმის, თავისუფალი აზროვნებისა და მორალური ღირებულებების მიმართულებით. ბრენდი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ადამიანებს, უკეთ გამოხატონ საკუთარი თავი, იყვნენ უფრო მოტივირებულები და ფერადი სიახლეებით გაიუმჯობესონ ყოველდღიურობა. 

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.